სტალინის გამოსახულება ხატზე

ჯაღმაიძე სამებაში სტალინის გამოსახულებაზე: თემა წამოწიეს შობის დღესასწაულის გადასაფარად

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემის წამოწევა საშობაოდ ხდება. ჯაღმაიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ხატი წმინდა მატრონასია და არა სტალინის, "თუ წმ. გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის". 

"მთავარი რამ, რასაც ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა.

ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ, ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ. გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის.

ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოებით სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს. ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც" - ამბობს ტაბულასთან საუბარში მამა ანდრია ჯაღმაიძე.

ტაბულას კითხვაზე, როდიდანაა მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარში დაბრძანებული,  ჯაღმაიძე პასუხობს, რომ არ იცის. 

სოციალურ ქსელში დღეს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ინფორმაცია სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული. 

"თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს “წმინდა” მატრონა მოსკოველის და სტალინის ქართული ხატი.

საინტერესოა ვინაა ეს ხატმწერი და ის მღველები, რომლებიც ამ მწვალებლური ზღაპრების გავრცელებას ხელს უწყობს ქართულ ეკლესიაში, რომ ვითომ პირსისხლიანი უღმერთო ტირანი სტალინი ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი იყო, წმინდანებს უსმენდა და მათი მითითებებით მოქმედებდა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთავარი ხელშემწყობი სტალინის კულტისა დღეს და ამ მითოლოგიისა არის სტალინისტი წითელი პატრიარქი, რუსეთუმე, ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელი ილია შიოლაშვილი!" - წერს მამა ილია ჭიღლაძე Facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები